ცნობილია, რომ სვანეთში თამარ მეფის კულტია. ყველა სოფელშია წმინდა თამართან დაკავშირებული ტოპონიმი. უშგულში ორი კოშკია თამარისა, ერთი საზაფხულო, მეორე - საზამთრო. ამბობენ, ზაფხულობით მაღლა, მთის წვერზე მდგარ კოშკში ისვენებდა თურმე, ზამთრობით - ქვედა კოშკში.

მეორე გადმოცემით, ადრე უშგულში გზა არ ყოფილა. მარტო ლატფარის უღელტეხილთან, ქვემო სვანეთთან დამაკავშირებელი იყო. ძველად თამარ მეფეს მიჰყავდა ამ გზაზე ჯარი. რამდენი კაციც მიდიოდა, იმდენ ქვას აიღებდნენ თურმე და გზის ქვევით აწყობდნენ. უკან დაბრუნებისას გადარჩენილებს მიჰქონდათ თავიანთი ქვა... ამიტომ ამ ადგილის დედას დარა შეარქვეს. აქაური კოშკები თამარ მეფის დროინდელია.
-მამაო, როგორ გაჩნდა იდეა ლამარიას ტაძარში წმინდა თამარის სახელზე ტრაპეზი ყოფილიყო?
-ეს აზრი და თხოვნა აწგარდაცვლილი მამა იოსებ ნიგურიანისგან გაჟღერდა, ლამარიის საკურთხეველში მითხრა.. კარგად მახსოვს, ლოცვაზე ვიყავით, კვირიკობისთვის ვემზადებოდით. ლამარიის საკურთხეველში სიხარულით ტიროდა, ამას რას მოვესწარი ლამარიაზე მონასტერი გაიხსნაო, მთხოვა როგორც კი მომიხერხდებოდა უშგულში წმინდა თამარის სახელობის ტაძარი იქნებ აგვეშენებინა.

რა თქმა უნდა, ახალ ტაძარს ვერ ავაშენებდი, უშგულში სულ ძველი ტაძრები იყო, აქედან გამომდინარე, ლამარიის ნავში გადავწყვიტე წმინდა თამარის სახელზე ტრაპეზის დადგმა (ამ საღვთო საქმეში დახმარებას გამიწევს ჩემი მეგობარი, ირაკლი გურჩიანი). ჩემი სურვილი მეუფე ილარიონს ვუთხარი და ძალიან მოეწონა.
უშგულის მრევლი დიდი სიხარულით შეხვდა ამ ამბავს. წმინდა თამარის შემწეობით და მადლით დაგვემატება ამ წმინდანიდ დღესასწაული, რასაც დიდი სიხარულით ავღნიშნავთ ხოლმე. შეგვეწიოს წმინდა თამარის მადლი.
.