მშენებარე მონასტერი ამასწინათ თავად მოვილოცე. ტაძარს მხოლოდ გადახურვაღა აკლდა. ახლა გავიგე, რომ ტაძრის გადახურვა და მონასტრის წევრებისთვის სენაკებიც დასრულებულა. -მადლობა ღმერთს, უკვე დამთავრდა ზაგაროზე მშენებარე მონასტრის გადახურვა,მადლობა ამისათვის ირაკლი გურჩიანს,სოფელ უშგულის მოსახლეობას,სოფელ ცანის მოსახლეობას,ჩემს მეგობრებს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დიდ და მადლიან საქმეში. დანგრეული ტაძრის ქვები ისევ ტაძარს დაუბრუნდა. ეს ძალიან მადლიანი საქმეა. წელს დავასრულეთ შრომა... იმედია შემდეგ წელს გავხსნით მონასტერს. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც გვამხნევებდა რომ შევძლებდით ტაძრის აშენებას 2800 მეტრზე ზღვის დონიდან, ულამაზეს ადგილზე, აილამის და შხარის მეზობლად,-ამბობს მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი).


ზემო და ქვემო სვანეთის ეპარქიას აილამასა და შხარას მყინვართან ახლოს შეემატება 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტერი. ეს ადგილი აერთიანებს ზემო და ქვემო სვანეთს. აქედან საუკეთესოდ მოსჩანს რაჭის მთები. ამ ულამაზესი ბუნების უკან რუსეთის საზღვარია.
ღმერთმა ინებოს, რომ ეს მონასტერი და 13 ასურელი მამა იყოს გამაერთიანებელი არა მარტო ქვემო და ზემო სვანეთისა, არამედ სრულიად საქართველოსი, ამინ!.
