ადრე აქ ხის ტაძარი იდგა, მოგვიანებით ქვის წმინდა სამების სახლობის ტაძარი ააგეს. ტაძარში კიდევ ორი საკურთხეველია: სერგი რადონეჟელის და დიმიტრი როსტოველის. მონასტერში ვათოპედის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატია დაბრძანებული. ბერების თქმით, ის ხშირად ეხმარება საძმოს განსაცდელთა დათმენაში. ამ ხატთან ყოველდღე წირვის დაწყებამდე იკითხება დაუჯდომელი და სახარება.
კიტაევოში კიდევ ერთი ტაძარია, 12 მოციქულის სახელზე აგებული. მონასტრის ტერიტორიაზე მონასტრის საძმოს საცხოვრებელი, სამრეკლო, სატრაპეზო და მომლოცველთა სასტუმროა განთავსებული. აქვეა სახლი, სადაც ცხოვრობდა არქიეპისკოპოსი ანტონ აბაშიძე, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 22 აპრილს წმინდანად შერაცხა. Mმისი ხსენების დღე 1 ნოემბერია.
მონასტრის მთაზე მდებარე მღვიმეებში დოსიფეა ჩაკეტილი ლოცულობდა. მღვიმეში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარია. მონასტრის ტერიტორიაზეა ორი ტბა, ტყეში კი განსაბანელი სამკურნალო წყარო. კიტაევოს მონასტერს ჰყავს კიდევ ერთი კანონიზირებული წმინდანი, ღირსი მამა ფეოფილე, რომლის ლუსკუმა 12 მოციქულის სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. წმინდა ფეოფილეს ცხოვრებაზეა გადაღებული ყველასათვის საყვარელი რუსული ფილმი "ოსტროვ"-ი.
ავტორის ფოტოები



