
გიორგი ბოჭორიძე მიიჩნევდა, რომ მონასტერი როსტომ ერისთავის ზეობამდეც (1750-1769) არსებობდა. მან მიაკვლია 1740 წლის ორ საბუთს, რომლის მიხედვით ყიფიანთა და იაშვილთა საგვარეულოები თვითო ყმას სწირავენ ველტყევის მონასტერს. ველტყევის მონასტრის ეკლესია იქვე არსებული კლდის ქვისაგან ყოფილა აგებული. შეინიშნება კიდეც გზის პირას სწორად ნაკვეთი კლდე. ამ სავანესთან რაჭისა და ზემო იმერეთის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი გზები გადიოდა. ამის გამო მონასტრის ბერებსა და მორჩილებს ზამთარში განსაკუთრებული მოვალეობა ეკისრებოდათ - თოვლიან გზებს წმენდნენ, ნამქრითა და დიდი თოვლით შეწუხებულ მგზავრებს შველიდნენ, მონასტერში ღამეს ათევინებდნენ და მერე სამშვიდობოს ისტუმრებდნენ.
აქვე გაუთევია ზაფხულის ერთი წვიმიანი ღამე ცნობილ გერმანელ მეცნიერს, ექიმსა და ბუნებისმცოდნეს იოჰან ანტონ გიულდენშტედტს, რომელიც 1768-1774 წლებში პეტერბურგის საიმპერატორო აკადემიის მიერ იყო მოვლინებული ჩრდილო კავკასიისა და საქართველოს შესასწავლად. 1771-1772 წლებში გიულდენშტედტმა მთელი საქართველო მოიარა. რაჭაში, სოფელ სხარტალში მას იმერეთის მეფე სოლომონ I შეხვდა, რომელიც გულწრფელად იყო დაინტერესებული უცხოელი მეცნიერის გამოკვლევებით და ყოველმხრივ უწყობდა ხელს. სხარტალიდან სოლომონ მეფემ გიულდენშტედტს და მისი ექსპედიციის წევრებს სამი თავადი გააყოლა. ველტყევის მონასტერში მეცნიერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა 1772 წლის 19-20 ივლისის ღამე გაათიეს. იგი წერს: "სხარტალიდან ერთი საათი მივდიოდით ჩრდილო-აღმოსავლეთით უდაბნომდე (განდეგილთა საყუდელი), სადაც ჩვენ გავათიეთ წვიმიან ღამეში. ეს არის ნამდვილი უდაბნო, სადაც 6 მოხუცი ბერი, რათა ღმერთს ემსახურონ, ნამდვილად მკაცრ ცხოვრებას ეწევა... დგას ქვიტკირის პატარა ეკლესია, რამდენიმე საჟენი სიმაღლის ხის პატარა სახლებით. გარშემო სულ ხშირი წიფლის ტყეებია, ადგილი მაღალია". მეორე დღეს, ნასადილევს გიულდენშტედტი და მისი თანხმლები პირები ველტყევის სავანიდან მრავალძლისაკენ გამგზავრებულან.
ცნობილია ველტყევის მონასტრის რამდენიმე წინამძღვარი: იღუმენი ანტონი (აბაშიძე) - 1770-1806 წ.წ., არქიმანდრიტი პანტელეიმონი - 1806-1841 წ.წ., მღვდელმონაზონი იოტასი - 1841-1848 წ.წ., არქიმანდრიტი ნიკოლოზი (ნიჟარაძე) - 1855-1861 წ.წ., მღვდელმონაზონი მაკარი (ჯაფარიძე) - 1861-1871 წ.წ. 1871 წელს გარდაიცვალა ველტყევის მონასტრის ბოლო წინამძღვარი არქიმანდრიტი მაკარი (ჯაფარიძე), რომელიც იქვეა დაკრძალული. მისი საფლავის ქვაზე არსებული წარწერა დღეს ცუდად იკითხება. გიორგი ბოჭორიძეს იგი ასე წაუკითხავს: "საფლავსა ამას შინა მდებარე სხვავას მონასტრის წინამძღვარი მღვდელ მონაზონი მაკარი ვიმყოფებოდი სხვავის მონასტერსა შინა სამოცდა ერთი წელი და აწ კი საუკუნოდ დავემკვიდრები სანატრელსა შინა დაძინებასა. საუკუნო განსვენება მიეც მღვდელ მონაზონ მაკარს და მიეც მას საუკუნო ხსენება. ყოველთა აღმომკითხველთა ამისა შენდობას მიბრძანებდეთ კაც(თ)-(მოყ)ვარებისათვის ღუთისათა უ[ფა]ლმან (ღ)მერთმან მოგიტევნენ თქუენცა შეცოდეებანი თქუენნი ჩყოა ო-ს ლ-ს".
1871 წელსვე ველტყევის მონასტერი გაუქმდა და საეკლესიო ნივთები და ხელნაწერები ჭელიშის მონასტერში გადაიტანეს. ველტყევის უდაბნოში ბევრი ხელნაწერი წიგნი ყოფილა. ველტყევში უმნიშვნელოვანესი მონასტერი იყო და უკვე დროა, მის აღდგენაზეც ვიზრუნოთ.
გივი ჩიღვინაძე
წყარო: http://saunje.ge