

მაცხვარიშის მოხატულობა მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტს გადმოგვცემს - დავით აღმაშენებლის ძის, დემეტრე I-ის მეფედ კურთხევის ცერემონიალს - მეფეს თავზე ანგელოზი გვირგვინს ადგამს, რაც სიმბოლურად გადმოგვცემს ცერემონიალის საეკლესიო ნაწილს, რომელსაც კათალიკოსი ასრულებდა, შემდეგ დიდებულები მეფეს წელზე ხმალს შემოარტყამდნენ, რაც მოხატულობაში რეალურადაა ასახული - აქ ერთ-ერთი დიდებული სვანთა ერისთავი ვარდანისძეა.


მხატვარმა მიქაელ მაღლაკელმა შექმნა დიდებული და სადღესასწაული ხასიათის მოხატულობა. შემთხვევით არ არის მინაშენის კართან ბერის ტანსაცმელში გამოსახული კვირიკე მამასახლისი, რომელსაც დავალებული ჰქონდა მოხატვის ზედამხედველობა. სწორედ მინაშენიდან, სადაც სარიტუალო ცეცხლი ინთებოდა, შემოდიოდა კვამლი, რომლის ჭვარტლიც აშავებდა მხატვრობას. აქვე წარწერაში ვკითხულბთ კვირიკეს ანდერძს: "ვინცა ამას ეკლესიასა მამასახლისი იყოს, კვამლისგან შეიკრძალეთ ხატული, რათა ფერი არ დააკლოს". ეკლესიაში დაცულია XII-XIII საუკუნეების რამდენიმე ფერწეული ხატი, მათ შორის მაცხოვრის, ღვთისმშობლის და ჯვარცმის დიდი ზომის ხატები, ასევე წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხატი ასომთავრული წარწერით, ტიხრული მინანქრებითა და სევადით შესრულებული მედალიონებით შემკული ბიზანტიური საწინამძღვრო ჯვარი.
მაცხოვრის ამაღლების ტაძარს არქიმანდრიტი ეგნატე (კურტანიძე) წინამძღვრობს.
შეგვეწიოს ამ დიდებული ტაძრის მადლი!
