დღესაც შეხვდებით(განსაკუთრებით პროტატში) ამ საპატიო სახელის წოდებებით წარმოებულ მიმართვებს: წმიდაო პირველო(Άγιε Πρώτε), წმიდაო წინამღძვარო(Άγιε Καθηγούμενε) წმიდაო დიაკონო(Άγιε διάκονε), წმიდაო ზემდგომო(Άγιε Επιστάτε), წმინდაო რწმუნებულო(Άγιε αντιπρόσωπε) და ას.შ. ამ დიდებულმა მთამ, უწყვეტი მსახურების შედეგად, შეინარჩუნა მრავალი ძველი საბერო წეს-ჩვეულება.

აქ შეხვდებით ძველი ტიპის ლავრა-სავანეს, წმიდა ანას სკიტის სახელით, რაც მრავალი ვანისაგან შემდგარ ერთ დიდ სავანეთს წარმოადგენს, რომლებიც ბილიკებითა და ორღობეებითაა დაკავშებული სალოცავ ტაძარ-კირიოაკონს, სადაც უძველესი ტრადიციის მიხედვით ბერები საკვირაო ჟამის-წირვაზე საერთო შეკრებით ლოცულობენ და ახალი სახეობის ლავრა-მონასტერს, რომელიც ვან-კელიების ნაცვლად, აერთიანებს და მართავს მრავალ სამარტოოს, უდაბნოს, ქვაბხევს, პარეხს, საგანდეგილოს, განსაშორისს, საყუდარს და ა.შ. პირველად, ათონის მთის სახელი, ყველაზე მნიშვნოლოვანი და თაყვანსაცემი ფასეულობის სახელით ტივტივდება ისტორიის ზედაპირზე - ბერების საყდარი(Καθέδρα των Γερόντων), რაც მის ერთობას, თანაგამოცდილებას, ჩვეულებას, თვითმმართველობას და თვითუფლებრიობას გადმოსცემს, რასაც დღეს ათონელები თვალისჩინივით უფრთხილდებიან. სწორედ ამიტომ, ათანასე ათონელი, მას შემდეგ რაც სამღვდელო წირვას აწესებს ხარების მთავარ ტაძარ-კათოლიკონში, რათა არ დარღვეულიყო საბერო წესი საეკლესიო იერარქიული სტრუქტურის შემოტანით, აწესებს, რომ არცერთი სასულიერო და საერო ხელისუფალი არ უნდა ჩაერიოს და დაეუფლოს ლავრა-მონასტრის მმართველობას, სარწმუნოებრივი ან სახელმწიფოებრივი მიზეზებით. ამრიგად, დღეისათვის, მრავალსაუკუნოვანი ათონის მთის მონასტრის სახელ-სტატუსი ასე განისაზღრება: სუვერენული ("Κυρίαρχης"), სამეფო ("Βασιλική "), სამამათავრო ("Πατριαρχική "), სტავროპიგეალური ("Σταυροπηγιακή "). დღესაც შეხვდებით ათონის მონასტრებში, ჯერ კიდევ პახუმი დიდს მიერ დაწესებულ მონასტრის ჩარჩოებში არსებული საბერო რიგის პატივისცემას. აქ, მონასტერში მოსული მღვდელი, მხოლოდ წირვის აღსრულებისას სარგებლობს უპირატესობით, ხოლო წირვის შემდეგ: ლოცვა-კურთხევას, წმიდა ხატებზე და მოწამეთა ნაწილებზე თაყვანისცემას, უხუცესთა კრებაზე სიტყვის თქმის უფლებას და ა. შ. მონასტერში მოსვლისა და აღკვეცის რიგის მიხედვით ახორციელებს. მორჩილებასაც, უძველესი მონასტრების ადათით, არა ერთპიროვნულად, მხოლოდ წინამღვარი, არამედ უხუცესთა საერთობო იძლევა, რათა მორჩილება, უფლის შემდეგ, მრავალი ადამიანისადმი პასუხისმგებლობაცაა და არა ერთი პიროვნების ნება-სურვილზე დამყარებული გარიგება. რამოდენიმე დაუვიწყარ ამბავს მოვესწარი,- ერთ დღეს, ათანასე დიდის ლავრაში, წინამძღვარი შემოვიდა და მთავარ ტრაპეზარს სთხოვა, მასთან მოსული მომლოცველებისათვის გზად ოთხი პური მიეცა, მონასტრის სასადილოს მთავარმა გამგემ, უდიდესი მოკრძალებით უპასუხა,- მოძღვარო, მხოლოდ ორი პურის მოცემა შემიძლია, რადგან პურის გამოცხობა ხუთშაბათს უწევს და სავარაუდოდ საძმოს მოაკლდებაო. ამ სიტყვებზე, ათონის მთის უპირატესი ლავრის წინამძვარმა უპასუხა, რა თქმა უნდა, იყოს ორი პური, როგორც შენ ჩათვლი სწორად და საჭიროდო. ასეთი ტიპის საუბარი, ძნელად წარმომიდგენია იმ ადგილებში, სადაც საერთო პასუხისმგებლობა, პირადული უფლებრიობითაა ჩანაცვლებული.... ათონის მთის ცხოვრების უნიკალურობაც ამაში მგომარეობს, აქაური მაცხოვრებლების გამოცდილება, სწორედ ასეთი სიყვარულის მაგალითებითაა ნამემკვიდრევი და გამდიდრებული.


ძალიან რთულია ათონზე მოკლედ რამის თქმა, როგორც გიორგი მთაწმინდელი იტყოდა: "ეს ადგილი უფალმა ბერებისათვის გამოარჩია". წმიდა მთაზე არავინ ქორწინდება, აქ, არ მრავლდებიან და არ იბადებიან ბავშვები, თუმცა ათონი არასოდეს დაცარიელებულა, ყოველთვის მოუკლებელად ივსება უფლისაკენ მოწადინებული, ზეგარდამო კვალადშობილი, ზეციური ფერიცვალებით გაბრწყივებული მრავალი სულით. ინებოს უფალმა, რომ ქართველები მომრავლებულიყვენ ათონზე და მომავალში დაებრუნებინოთ და ჰქონოდეთ საკუთარი ისტორიული ადგილი, ამ წმინდა და დიდებულ მიწა-წყალზე.