
გორიჯვრის საკურთხევლის ჯვარი ხის მასალისგან არის დამზადებული. შეძერწილია ვერცხლის ოქროცურვილი ფირფიტებით, რომლებზეც ჭედური სურათებია გამოსახული. მათი თანმიმდევრობა შემდეგნაირია: მკლავების გადაჯვარედინების ადგილზე ცენტრალური ხატება ეძღვნება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ხოლო დანარჩენ ნაწილებზე გამოხატულია წმინდა გიორგის ცხოვრებისა და წამების კომპოზიციები. თითოეულს თან ახლავს მოკლე განმარტებები ასომთავრული წარწერებით.
ცენტრალური ხატების გარდა, ჯვარზე 14 კომპოზიციაა. ბოლოს მოთავსებულია წარწერები, რომელიც მოჭედვის დროინდელია და ასომთავრულითაა შესრულებული. ჯვარს აქვს საბურავი (ქუდი), რომელიც შექმნილია XIII საუკუნეში. წმინდა ნინოს დიდი მონდომებით სამი ხის ჯვარი აღიმართა მცხეთას, თხოთის მთაზე და უჯარმას; ამ ჯვრების მონარჩენი ნაჭრებიდან კი შეიქმნა გორჯვრის ჯვარი (IV ს.-ის I ნახევარი). მეფე ალექსანდრე პირველმა (1390-1442) გორიჯვრის ხის ჯვარი ვერცხლის ფირფიტებით შეამკობინა ჩვენთვის უცნობ ქართველ ოსტატს. XX საუკუნის დასაწყისში ჯვარი ხვდება თავად ამილახვრების კუთვნილ პატარა ეკლესიაში, სადაც იგი იხილა წმინდა ექვთიმე თაყაიშვილმა. მისი მონდომებით გორიჯვრის ჯვარი საქართველოს საკუთრება გახდა. იგი ამჟამად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. მისი გალვანური პირი კი გორიჯვრის აღდგენილი ეკლესიისათვის 1988 წელს დაამზადა ფირმა "ოპიზარმა".
გორიჯვრის ჯვარმა დაგვიფაროს ჩვენ და სრულიად საქართველო!