
ამჟამად ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერს არქიმანდრიტი ბიძინა (ქობალია) წინამძღვრობს. "კარიბჭემ" მოილოცა ეს მადლიანი მონასტერი.

ცხრა წელი მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში ვიცხოვრე. ბერადაც იქ აღკვეცე და ხარისხიც იქ მომენიჭა. მეუფე დანიელის ლოცვა-კურთხევით, 2010 წელს (მაშინ მეუფე დანიელს ებარა მარტყოფის მონასტერი) მარტყოფიდან ჯრუჭის მონასტერში გადმომიყვანეს. მონასტრული ტიპიკონი შეძლებისდაგვარად სრულდება. მრევლისთვის შაბათ-კვირას ტარდება წირვა-ლოცვა. დღესასწაულებზეც აღესრულება მსახურება.

- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე რომ გვითხრათ, რა არის ბერმონაზვნური ცხოვრება?
- ეს არის ცხოვრება ღვთისმსახურებისთვის. ბერი გამოდის წუთისოფლიდან, სიძულვილის გამო კი არა, პირიქით, უდიდესი სიყვარულის გამო. ბერად იმიტომ მიდიან, რომ სხვები კარგად იყვნენ. ბერი ზრუნავს მოყვასისთვის და საკუთარი სულის ცხონებისთვისაც. ამას ღმერთი წყვეტს. ღვთის განგება და მოწოდებაა ადამიანი სასულიერო პირი გახდეს. ადამიანს ღმერთი რასაც მოუწოდებს იმ გზას უნდა დაადგეს და ღვთის ნებას არ უნდა შეეწინააღმდეგოს.
- ერის ადამიანებმა რისკენ უნდა მივმართოთ უფრო მეტი ყურადღება?
- უნდა იცხოვრონ ქრისტიანული სულისკვეთებით. ადამიანები ივიწყებენ ლოცვას, ღმერთის არსებობას, რაც ხდება მსოფლიოში, ეს ახალი ამბავი როდია. მარტო იმის აღიარება, რომ ღმერთი არსებობს საკმარისია? ადამიანებმა უფლის მცნებები უნდა გაიხსენონ, ილოცონ, იმარხულონ. როცა ადამიანი ინათლება ეკითხებიან, შეუდგები ქრისტესსა? - შევუდგები. - არის პასუხი. ქრისტეს შედგომა იმას ნიშნავს, რომ შევითვისოთ მისი მცნებები. უფალი ამბობს, იმას ვუყვარვარ, ვინც ჩემს მცნებებს აღასრულებსო. ჰოდა, მარტო სიტყვით რომ ვაღიაროთ, მე ქრისტიანი ვარ, ეს არ არის საკმარისი. ამის გამო მოდის პრობლემები. ამის მერე ადამიანი ცოდვებში ეფლობა. ცოდვას კიდევ ადამიანისთვის ბედნიერება არ მოაქვს. ადამიანი ტყუვდება, იხიბლება, არასწორ წარმოდგენებში ცხოვრობს და ჰგონია კარგად არის. ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი ბუმერანგივით შემოუბრუნდება სიმძმის და პრობლემების სახით.
ეკლესიური ცხოვრებით ადამიანი ცოდვებისგან იწმინდება. აღსარებით, ზიარებით, მარხვით, ლოცვით, იმოსება მადლით, ღვთისგან შემწეობას იღებს და უფალი წყალობს და შეეწევა. უფალი ამბობს: "მე თქვენთან ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა". ყველაზე დიდი უბედურება უღმერთობაა. ღმერთს თუ განუდგა ადამიანი რაღა მოუტანს ბედნირებას. ადამიანის უბედურების სათავე ყოველთვის იყო ღმერთისგან დაშორება. წყარო სიხარულის, ბედნიერების მხოლოდ უფალია.

***
ჯრუჭს გარშემო რამდენიმე სოფელი აკრავს. მათ შორის ცხუმარეთი, უზუნმთა, მოხვა და ქვემო ხევი. ასევე არის ნასოფლარებიც. ორი სკლლაა, ერთი ქვევით ხევშია და მეორე - სოფელ მოხვაში. დანარჩენ სოფლებში სკოლა არ არსებობს. ეს სოფლები მთიანი კატეგორიის სიაში შედის. მოსახლეობისგან დაცლილია აქაურობა. მოხვა ყველაზე დიდი სოფელია, დაახლოებით 200-მდე სახლი დგას და სულ 128 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 40-მდე მცირეწლოვანია. ცხუმარეთში ძირითადად მოხუცები ცხოვრობენ. პატივისცემა და კეთილგანწყობა ეკლესიის მიმართ ყველას აქვს. ჯრუჭის ხეობაში ზამთრობით გზა იწმინდება. მონასტრამდე მისასვლელი გზა არ ჭირს.
მონასტრის ეზოში პატარა ოდა სახლია, სადაც სამლოცველოა განთავსებული და აქ ვატარებ ხოლმე მსახურებას.

-დაგვლოცეთ მამაო.
-დალოცვილი იყავით, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ თქვენს კეთილ საქმეში. ძალიან კარგი ჟურნალი გაქვთ და რაც მთავარია ყველას ეხმარება მივიდეს უფლამდე. მე თვითონ ვხელმძღვანელობ მასში დაბეჭდილი სტატიებით. მადლობელი ვარ, რომ ასეთ კეთილ საქმეს ემსახურებით. სხვა მორწმუნე მრევლთან და სასულიერო პირებთან ერთად გისურვებთ წარმატებას. ბევრი ადამიანისთვის მოგეტანოთ სიხარული და სიკეთე.