აჭის ეკლესიასთან დაკავშირებული წერილობითი წყაროები, რომელთა შორის უძველესი XVI საუკუნის მეორე ნახევრისაა, უმთავრესად შეწირულების ან ნასყიდობის წიგნებია.
აჭის ეკლესიის მიმართ გურიის მთავრები განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდნენ. სვიმონ II გურიელმა აჭი საწინამძღვროდ აქცია. ქაიხოსრო I-მა, მას უხვი შეწირულობა უბოძა და შემოქმედის მეტოქად-ჰყო. აჭის წინამძღვრობა მინიჭებული ჰქონდათ სალუქვაძე-თაყაიშვილების საგვარეულოს. მათგან აღსანიშნავია XVIII საუკუნეში მოღვაწე წინამძღვარი - იოსებ თაყაიშვილი, რომელიც შემდგომ შემოქმედის მიტროპოლიტი გახდა. მას განუახლებია ვერცხლით მოჭედილი ჯვარცმის ხატი და მხატვარ იობისა და ოქრომჭედელ გრიგოლის შესრულებული წმინდა გიორგის მოოქრული ვერცხლის ხატი.
აჭის ეკლესია 1991 წლიდან არის მოქმედი. 2007 წლიდან აქ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერი დაფუძნდა.
