ტაძარი და მონასტერი 14 სექტემბერს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ (კაპანაძე) ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა. ტაძრის კურთხევის შემდეგ საზეიმო წირვა ჩატარდა.
"დღეს რამდენიმე დღესასწაულის შემცველი დღეა, – აღნიშნა ქადაგებისას მეუფე დიმიტრიმ, – იწყება საეკლესიო ახალი წელი. ასევე ისტორიული მოვლენაა ჩვენს ეპარქიაში. ათწლეულების შემდეგ ხარაგაულში ამოქმედდა დედათა მონასტერი და დაიწყო სამონასტრო მოღვაწეობა."

მეუფე დიმიტრიმ დიდი მადლიერებით მოიხსენია ყველა, ვინც წვლილი შეიტანა ტაძრისა და მონასტრის აშენებაში. განსაკუთრებით კი მოიხსენია ზურაბ ინასარიძის ღვაწლი.
"სიცოცხლეში ადამიანი ვერ ხვდება იმ დიდ მადლს და სიკეთეს, რასაც ჰქვია ღვთის ტაძრის აშენება. ბედნიერებაა, როდესაც ადამიანს უფალი აძლევს იმის შეგნებას, რომ მატერიალურ შესაძლებლობასთან ერთად აძლევს ამხელა საქმე გააკეთოს," – აღნიშნა ეპისკოპოსმა.


მეუფე დიმიტრიმ ზურაბ ინასარიძეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამოგზავნილი სამაჯური გადასცა.
ვახანში დედათა მონასტერს დედა მარიამი უწინამძღვრებს. მეუფემ იმედი გამოთქვა, რომ სოფლის მაცხოვრებლებსა და მონასტრის დედებს შორის კარგი ურთიერთობა დამყარდება, რისგანაც ყველა დიდ სულიერ სიკეთეს მიიღებს.
ლაურა გოგოლაძის ფოტორეპორტაჟი