ოვჩარის წმინდა სამების მონასტერი
ქალაქ ჩაჩაკის მახლობლად, მდინარე მორავას ულამაზეს ხეობაში მდებარეობს სერბეთის წმინდა მთა, სერბეთის ათონი. აქ, პატარა ტერიტორიაზე, რვა მონასტერია.
ოვჩარის მთის ფერდობზეა ვედენსკის, ამაღლების, ფერისცვალების, მირქმის და წმინდა სამების მონასტრები, ხოლო მორავას მეორე ნაპირზე, კაბლარის მთის ქვემოთ - ხარების, წმინდა ნიკოლოზისა და იოანე წინამორბედის (იოვანია) მონასტრები, აქვეა სამი ეკლესია - მიძინების, წმინდა ილიას და წმინდა საბას სახელობისა. სერბებში მართლმადიდებლური რწმენის შენარჩუნებისთვის ყველა მონასტერს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ სულიერ კერებში დაცული იყო ეროვნული თვითშეგნება და თავისუფლების იდეა.
XIX საუკუნის დასაწყისში ეს მონასტრები სერბების ნაციონალური ბრძოლის ცენტრებად იქცნენ. ისინი იყვნენ აგრეთვე პირველი სახალხო უნივერსიტეტებიც.
წმინდა სამების მონასტერი ოვჩარის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ეს სავანე დაახლოებით XIV-XVI საუკუნეებში დაარსდა. მონასტერი რამდენიმეჯერ დაცარიელდა და აღორძინდა. 1820 წელს ოვჩარაში ჩამოვიდა ცნობილი განმანათლებელი ვუკ კარაჯიჩი და გაუკაცრიელებული სავანე სულ მალე ააღორძინა. 1844 წელს აშენდა ახალი სენაკები, ხოლო 1850 წელს - სამრეკლო, რომელიც 1870 წელს დაანგრიეს, რადგან მისი ზეწოლის გამო ტაძრის კედლები დაიბზარა. 1868 წელს ტაძარში მშვენიერი კანკელი გააკეთა ნიკოლაე მარკოვიჩმა.
მონასტერი მნიშვნელოვნად განახლდა 1937 წელს, ჟიჩის ეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლაის (ველიმიროვიჩი) და ოვჩარის მირქმის მონასტრის ბერების ძალისხმევით. 1941 წელს გერმანელებმა ორჯერ დაბომბეს მონასტერი, დაანგრიეს სამრეკლო და დააზიანეს ტაძარი.
1978 წელს მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს იღუმენი ბარნაბა (მიოდრაგოვიჩი). შეკეთდა ტაძარი, სენაკები, აშენდა სამლოცველო, სამრეკლო, გალავანი, გაკეთდა გზა.
წმინდა მთავარანგელოზების მონასტერი
წმინდა მთავარანგელოზების მონასტერი პრიზრენიდან 3კმ-ში, მდინარე ბისტრიცას ველზეა. 1343-1352 წლებში აქ დიდი ლავრა ააშენა მეფე დუშანმა. წინათ სამონასტრო კომპლექსში შედიოდა წმინდა მთავარანგელოზების დიდი ტაძარი, წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, მრავალსართულიანი საძმო კორპუსები, ბიბლიოთეკა, საავადმყოფო და დიდი სატრაპეზო. ოდესღაც მონასტერში ასზე მეტი ბერი იყო. 1455 წელს თურქებმა პრიზრენა დაიპყრეს, მონასტერი გაძარცვეს. განუწყვეტელმა შევიწროება-თავდასხმებმა სავანე მალე დააცარიელა, XVI საუკუნის II ნახევრიდან კი დაიწყო მისი ნგრევა. 1615 წელს სინან-ფაშამ პრიზრენში სამონასტრო ტაძრის ქვებით ააშენა დიდი მეჩეთი. 
2004 წლის 17 მარტს მხარე არეულობამ მოიცვა. მონასტერი ალბანელებმა გადაწვეს. გერმანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ბერები თავიანთ ბაზაში გადაიყვანეს...
მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ლევან მათეშვილმა