წარსულის ფურცლები გვახსენებს საუკუნის მკვლელობას წმინდა ანტონ მარტომყოფელის სავანეში.
...გათენდა 1918 წლის თიბათვის 26. დაახლოებით დილის 9 საათზე კირიონ II სამიოდე პირთან ერთად თბილისიდან ეტლით მარტყოფს გაემგზავრა. გზად მარტყოფის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ეკლესია მოილოცა. ტაძრის მსახურებმა სადილი გაუმართეს. მცირე შესვენების შემდეგ გზა გააგრძელა. მონასტერში ბერ-მონაზვნები დიდი სიყვარულით შეხვდნენ. ავიდა მონასტრის სიახლოვეს საკურთხეველთან და ილოცა. ამასობაში მოსაღამოვდა. ბოროტმოქმედებმა პატრიარქის კარი უხმოდ შეაღეს... ასევე უხმაუროდ დატოვეს მკვლელობის შემდეგ მონასტრის კედლები. გათენდა. ბერმონაზონნი საქმიანობას შეუდგნენ.



კათოლიკოს-პატრიარქი არსად ჩანდა. მონახულება განიზრახეს. შეაღეს საძინებლის კარი. ყველას თავზარი დაეცა... საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1918 წლის მკათათვის შვიდს მიაბარეს მიწას. დილით განსვენებულის ცხედარი ანჩისხატის ეკლესიაში დაასვენეს, ნაშუადღევს, 4 საათზე სიონში გადააბრძანეს და ამავე ტაძარში დაკრძალეს.