VI საუკუნეში, მტკვრის სათავესთან, კოლას ხეობაში, უმრავლესობა კერპთმსახური იყო. წარმართთა შვილებმა - ცხრა ყრმამ - ქრისტიანობა მიიღეს და მშობლებს აღარ დაუბრუნდნენ.
მშობლებმა ისინი შინ ცემა-ტყეპით მიიყვანეს. საოცარი იყო ამ ყრმათა შემართება, ერთი კვირა საზრდელი არ მიუღიათ - "ნაკერპავის ჭამა ქრისტიანს არ შეშვენისო". მშობლებმა ეს ამბავი მთავარს შესჩივლეს. მან - შვილები თქვენია და რაც გინდათ, ის უყავითო. "მაშინ, მოდი ჩვენთან და ქვით ჩავქოლავთ, რათა მათი მიბაძვით სხვებიც არ გაქრისტიანდნენო" - უთხრეს მშობლებმა. მოიყვანეს 7-9 წლის პატარები. გაიძახოდნენ: ჩვენ ქრისტიანად მოვკვდებითო. პირველად მშობლებმა ესროლეს, მალე ქვებმა დაფარა ნაწამები ყრმების სხეულები.