როგორ ეწამე?
როგორ ეწამე?
ერთხელ ეკლესიაში რთული სიტუაცია შეიქმნა. მამა პაისი ათონელი გამოსავალს ეძებდა, განსაკუთრებით ევედრებოდა წმინდა დიდმოწამე ეფემიას. წმინდა ეფემია ცხადში გამოეცხადა მამა პაისის, პასუხი გასცა მის შეკითხვებს. მამა პაისიმ ჰკითხა წმინდანს, როგორ ეწამეო. მან კი ბრძანა: "მე რომ მცოდნოდა, რა მელოდებოდა მარადისობაში, რამხელა სიტკბოება სულისა, მაშინ მზად ვიქნებოდი, მთელი ცხოვრება სატანჯველნი დამეთმინაო".

***
ათონზე, ზოგრაფის მონასტერში, წმინდა გიორგის ხატზე ადამიანის თითია შერჩენილი. თურმე ამ წმინდა ხატის სასწაულმოქმედების ამბავი ძალზე შორს გავრცელდა. ზოგიერთმა კი არ ირწმუნა. მათ შორის იყო ერთი ეპისკოპოსიც ათონის მეზობელი ეპარქიისა, ხატის სასწაულები ვერცხლისმოყვარე ბერების გამონაგონად მიაჩნდა. თავისი ეჭვის დასადასტურებლად საგანგებოდ გაემგზავრა ზოგრაფის მონასტერში. დიდი პატივით მიიღეს მღვდელმთავარი. თაყვანსაცემად წმინდა გიორგის სასწაულმოქმედ ხათტანაც მიიყვანეს. ეპისკოპოსმა ირონიულად წარმოთქვა: ესაა თქვენი სასწაულმოქმედი ხატიო? - და საჩვენებელი თითით წმინდა გიორგის ლოყას შეეხო. შეეხო და მიეწება კიდეც. რა აღარ სცადეს, მაგრამ თითი ხატს ვერაფრით მოაშორეს. საბრალო მღვდელმთავარი იძულებული გახდა, თითის მოჭრაზე დათანხმებულიყო.

ბეჭდვა
1კ1