ეს ერთი კვირა ყველა ცალ-ცალკე მდუმარებაში ვიყოთ
ეს ერთი კვირა ყველა ცალ-ცალკე მდუმარებაში ვიყოთ
ამბა პიმენმა, ამბა ანუბმა და კიდევ ხუთმა მონაზონმა, რომლებიც ხორციელად ძმებიც იყვნენ, სკიტის უდაბნოდან ბარბაროსთა ტომის თავდასხმისას თავს გაქცევით უშველეს , მივიდნენ თერენუგს და იქ ერთ დაცარიელებულ წარმართულ ტაძარში შეჩერდნენ მოსათათბირებლად, რა უნდა ექნათ. ამბა ანუბმა უთხრა ამბა აიმეხს: "ჰქენით წყალობა და შენ და ძმებმა ამისრულეთ თხოვნა. ეს ერთი კვირა ყველა ცალ-ცალკე მდუმარებაში ვიყოთ და ერთმანეთს არ გავესაუბროთო". ამბა პიმენმა უთხრა: "იყავ ნებისაებრ შენისა". ასეც მოიქცნენ. ტაძარში ქვის კერპი იდგა. ანუბი დილაუთენია დგებოდა კერპის წინ და სახეში ქვებს ესროდა, საღამოთი კი მიდიოდა და შენდობას სთხოვდა. ასე იქცეოდა მთელი კვირა, შაბათ საღამოს ძმები შეიკრიბნენ და ამბა პიმენმა ჰკითხა ამბა ანუბს: "გხედავდით, ამბა, რომ მთელი ეს კვირა კერპს ქვებს ესროდი, მერე კი მიდიოდი, თაყვანს სცემდი და შენდობას სთხოვდი. ქრისტეს მორწმუნემ ხომ კერპს თაყვანი არ უნდა სცეს!". ბერმა უპასუხა: "ეს თქვენთვის გავაკეთე. როგორც დაინახეთ, მე მას ქვებს ვესროდი. მიპასუხა რამით? ხომ არ გაბრაზებულა?" "არა". ანუბმა განაგრძო: "როცა შენდობა ვთხოვე, ხომ არ უთქვამს, არ გაპატიებო". "არა", - უპასუხა ამბა პიმენმა. მაშინ კი ამბა ანუბმა ბრძანა: თუ ჩვენ შვიდ ძმას ერთად ცხოვრება გვინდა, ამ ძეგლებივით უნდა მოვიქცეთ, რომლებიც არც შეურაცხყოფის გამო განრისხებულან და არც მათდამი სიმდაბლის გამო თავი არ მოუწონებიათ. თუ თქვენ ასეთი ცხოვრება არ გინდათ, ტაძრის ოთხივე კარი ღიაა და ყველა იქ დასახლდეს, სადაც უნდაო". ძმები დაემხვნენ ამბა ანუბის წინაშე და შეჰფიცეს, რომ ასე მოიქცეოდნენ. ამგვარად იცხოვრეს დანარჩენი წუთისოფელი. ამბა პიმენი შემდგომში იგონებდა: "მთელი სიცოცხლე შრომას მივუძღვენით ამბა ანუბს დამორჩილებულებმა. მან ერთ-ერთ ჩვენგანს დაავალა დანარჩენებზე ზრუნვა და არც ერთი ჩვენგანი საკუთარ თავს არ მისცემდა ნებას, ეთქვა, ეს არ მინდა, ანდა სხვა მომეციო. ამგვარად ვცხოვრობდით მშვიდობასა და სიმყუდროვეში".

ბეჭდვა
1კ1