იუდეველი თეოდორე ქრისტიანებთან ერთად ალექსანდრიიდან ასურეთში მიდიოდა. როცა ასურეთის უდაბნოში შევიდნენ, ცუდად გახდა, ფეხის გადადგმა ვეღარ შეძლო
. თანამგზავრებმა გადაწყვიტეს, დაეტოვებინათ და წასულიყვნენ. თეოდორემ მათ შესტირა: - გაფიცებთ ცისა და ქვეყნის შემოქმედს, დედამიწაზე კაცთა სახსნელად მოსულს, ნუ დამტოვებთ იუდეველთა რწმენაში, მომნათლეთ და ისე გააგრძელეთ გზაო. მათ უთხრეს: არაფერი შეგვიძლია, არც მღვდლის ხარისხი გვაქვს და წყალიც არსად არისო. თეოდორემ კიდევ ერთხელ სთხოვა. მათ თეოდორეს ტანთ გახადეს, ძალისძალობით ფეხზე დააყენეს. ერთმა მათგანმა ხელით ქვიშა აიღო, თეოდორეს თავზე გადააყარა და თქვა: "ინათლება მონა ღვთისა თეოდორე, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა". "ამინ", - დაუმოწმეს სხვებმა. როგორც კი ეს უცნაური ნათლობა დასრულდა, თეოდორემ თავი ჯანმრთელად იგრძნო და ქრისტიანებთან ერთად გზა გააგრძელა.
ალექსანდრიაში მივიდნენ ეპისკოპოს დიონისესთან. მან კრება მოიწვია და თეოდორეს ქვიშით მონათვლის ამბავი მოუთხრო. "ვინც არ იშვას წყლისა და სულიწმინდისგან, არ შეუძლია ღვთის სასუფეველში შესვლაო", - თქვეს მღვდელმთავრებმა და თეოდორე მოსანათლად მდინარე იორდანეზე გაგზავნეს.