ხარბი შეიძლება ღარიბიც იყოს: ანჩის საეპისკოპოსო საყდრის დამპყრობელმა, უბედურმა ცქირმა, წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოკვლა ვინმე ანჩელ მოისარს დაავალა
და სამაგიეროდ ხუთ თხასა და სამ გრივ ფეტვს დაჰპირდა. ანჩელი მოისარი ხანძთის ტყეში ჩაუსაფრდა წმინდა გრიგოლს. ხედავს კაცი, რომ მოდის ღირსი მამა, მოამზადა მშვილდ-ისარი. წმინდა გრიგოლი ამ დროს ეფრემ ასურის სიტყვას იტყოდა "გოდებით ტირილსა შინა". მაშინ ამ საწყალობელმა კაცმა იხილა, ნათლის სვეტი ცამდე აღწეული ჰფარავდა ღირს გრიგოლს, თავზე ადგა ჯვარი თვალშეუდგამი, ხოლო გარშემო ცისარტყელა ერტყა. ამგვარმა დიდებულებამ შეაძრწუნა კაცი, დაემხო, შიშით ვეღარ დგებოდა. თანაც მკლავები აღარ ემორჩილებოდა. მაშინ წმინდა გრიგოლმა უთხრა: ჰოი, საწყალობელო, შეასრულე, რაც გიბრძანეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტიანობის უარისმყოფელი, რადგან უბრალო საფასურად მზად ხარ ბერის სისხლი დათხიო. განა ხუთი თხისა და მცირეოდენი ფეტვის გამო არ მოხვედი ჩემს მოსაკლავად! კაცმა ტირილით შენდობა და განკურნება სთხოვა. მაშინ წმინდა გრიგოლმა ჯვარი დასახა მკლავზე და განკურნა სულიერადაც.