მოგვების საჩუქრებს მთელი ცხოვრება სათუთად ინახავდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, უფლის დედამ სიწმინდე იერუსალიმის ეკლესიას გადასცა, სადაც ის ღვთისმშობლის სარტყელთან და შესამოსელთან ერთად 100 წელი ინახებოდა. შემდეგ კი იმპერატორმა არკადიმ განძი კონსტანტინოპოლში გადაასვენა. მოგვიანებით განძი ნიკეაში მოხვდა და იქ ინახებოდა. შემდგომში განძი კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. დედაქალაქის დაცემისას (1453 წ.) საგანძური ათონის წმინდა პავლეს მონასტერში გადაასვენეს. XV საუკუნეში მონასტერი აღადგინა სერბეთის მთავარმა გიორგი ბრანკოვიჩმა. მისი ქალიშვილი მარა (მარიამი) სულთან მურად II-ის ცოლი იყო. მისმა შვილმა მაჰმუდ დამპყრობელმა 1453 წელს იერიშით აიღო კონსტანტინოპოლი. ქალაქის აღებისას დედოფალმა მარამ ეს სიწმინდე გადაარჩინა - იმპერატორის საგანძურში ნაპოვნი ოქროს საკმევლისა და მურის ნაწილი ათონის მთაზე მიაბრძანა. სურდა, თვითონვე მიეტანა საგანძური მონასტერში, მაგრამ მოესმა ხმა უფლის დედისა, რომელიც მას და ყველა დედაკაცს უკრძალავდა ათონის ტიპიკონის დარღვევას და მთაწმინდაზე ფეხის დადგმას.


მოგვების განძის ოქრო მცირე ზომის 28 ჩამოსაკიდი ფირფიტაა, თითოეულზე გამოსახულია უფაქიზესი ფილიგრანული ორნამენტი, საკმეველი და მური კი 70 ცალი პატარა ბურთულაა. მოგვების განძს სასწაულმოქმედების მადლი აქვს, მას მრავალი ეშმაკეული განუკურნავს.