ახლა კი მთელი სოფელი აპირებს, შენდობა გთხოვოსო
ახლა კი მთელი სოფელი აპირებს, შენდობა გთხოვოსო
ამბა მაკარი ყვებოდა: "ახალგაზრდობაში ეგვიპტეში კელიაში ვცხოვრობდი. სოფლის მღვდლად გამამწესეს. გავექეცი პატივს. ჩემთან დადიოდა ღვთისმოშიში ერისკაცი, რომელიც ჩემს ხელნაკეთობებს ჰყიდდა და რაც მჭირდებოდა, მოჰქონდა. ერთხელ ერთი გოგონა დაეცა და დაფეხმძიმდა. როცა ჰკითხეს, ვინ არის დამნაშავეო, განდეგილიო. მოვიდა ხალხი, შეიპყრეს განდეგილი, კისერზე ქოთნები ჩამომკიდეს და ქალაქში ჩამომატარეს. მცემდნენ და გაიძახოდნენ: - ამ მონაზონმა გახრწნა ჩვენი ქალიშვილიო. ერთმა ბერიკაცმა ჰკითხა: - დიდხანს უნდა სცემოთ მაგ ბერსო? ქალიშვილის მშობლებმა - მანამდე, ვიდრე ვინმე არ უშუამდგომლებს, რომ იგი ამას უპატრონებსო. მეგობარ ერისკაცს ვთხოვე და შუამდგომლად დამიდგა. ამის მერე ვუთხარი ჩემს თავს: - მაგარი ცოლი გიშოვნია, ახლა უფრო ბევრი უნდა იმუშაო მის შესანახად-მეთქი. დღედაღამ ვმუშაობდი და ფულს მას ვუგზავნიდი. როცა მშობიარობის დრო მოუვიდა, საცოდავი რამდენიმე დღე ვერ აჩენდა ბავშვს და იტანჯებოდა. მაშინ აღიარა: "მე ცილი დავწამე განდეგილს. მან კი არ გააკეთა ეს საქმე, არამედ ამა და ამ ყმაწვილმაო". ჩემმა დამხმარე ერისკაცმა გახარებულმა მითხრა: - იმ გოგონამ მანამდე ვერ იმშობიარა, ვიდრე არ აღიარა, რომ შენ არ იყავი დამნაშავე. ახლა კი მთელი სოფელი აპირებს, შენდობა გთხოვოსო. ეს რომ გავიგე, კაცთაგან შფოთს გავექეცი და აქ, სკიტში, მოვედი.

ბეჭდვა
1კ1