ერთი სათნო და ღვთისმოშიში ადამიანი დიმიტრი ლოცვას ყოველთვის ქალაქ ანტიფირეს წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ესწრებოდა.
ეს ქალაქი ათიოდე სტადიონით იყო დაშორებული კონსტანტინოპოლს, სადაც იგი ცხოვრობდა. ერთხელ, ამხანაგებთან ერთად, პატარა ნავით ისევ გაეშურა სალოცავად. უეცრად ამოვარდნილმა ქარიშხალმა დაამსხვრია ნავის ანძა, დახია აფრები, ნავიც გადააბრუნა. ღონემიხდილი დიმიტრი ფსკერისკენ წავიდა. იგი განწირული უხმობდა წმინდა ნიკოლოზს. უეცრად მართლაც მოევლინა მღვდელმთავარი და სახლში მიიყვანა, დაკეტილ ოთახში შეიყვანა და დატოვა. შეშინებული დიმიტრი უგონოდ გაჰყვიროდა:
- წმინდაო ნიკოლოზ, დამეხმარე!
ამ ყვირილმა გააღვიძა მისი ახლობლები:
- როგორ მოხვდი ჩაკეტილ ოთახში? - ეკითხებოდნენ მას, - და რა გაყვირებს ასე?
- თვითონ მითხარით, რა ხდება ჩემს თავს, სადა ვარ? ვერაფერი გამიგია!
- შენს ოთახში ხარ და წმინდა ნიკოლოზს უხმობ საშველად.
მაშინ კი გონს მოეგო და უამბო მათ, როგორ იხსნა წმინდა ნიკოლოზმა დახრჩობისაგან.