ერთი ყმაწვილი, ნიკოლოზი, ეშმაკის შემოტევისგან ძალზე გაიტანჯა: საშინელი ცეცხლი სტანჯავდა მის შინაგანს, სხეულის ნაწილები გაუხმა, იმდენად დასნეულდა
, რომ არც დგომა და არც სიარული არ შეეძლო. ფეხები დაკრუნჩხული ცოცვასღა ახერხებდა. ამ დღეში იყო 6 თვე. მრავალ ექიმთან იმკურნალა, მთელი ქონება ამაში დაეხარჯა, შველა კი არ ჩანდა. ერთხელაც, წმინდა ნიკოლოზობას, დაინახა ტაძრისაკენ მიმავალი ადამიანები და თვითონაც გაცოცდა მათ კვალდაკვალ. გზად შემოხვდა ტანჯულთა შემწე წმინდა ნიკოლოზი და ჰკითხა:
- საით მიღოღავ ასე გაჭირვებით?
- ეკლესიისკენ, - მიუგო ყმაწვილმა და შესჩივლა თავისი დარდი.
- მომყევი, მართლა თუ გინდა განიკურნო, - უთხრა წმინდანმა.
მერე მიიყვანა ეკლესიის კარამდე, თვითონ კი გაუჩინარდა. ყმაწვილი შეღოღდა ტაძარში, დაანთო სანთელი და თვალი მოჰკრა კედელზე წმინდანის ხატს, იცნო ბერიკაცი, რომელმაც ტაძრამდე მიიყვანა იგი და შესძახა:
- წმინდაო ნიკოლოზ, აასრულე შენი ნათქვამი. ხომ შემპირდი: თუ გსურს განკურნება, მე მომყევიო. განა აქ არა ვარ?! გთხოვ, გევედრები, განმკურნე!
დიდხანს ლოცულობდა თვალცრემლიანი და ბოლოს, სთხოვა გარშემომყოფთ, წამოეყენებინათ და მიეყვანათ წმინდა ნიკოლოზის ხატთან. მათაც წამოაყენეს იგი. ყმაწვილმა შესძლო, მაგრად მოხვეოდა ხატს, რასაც მანამდე ვერ ახერხებდა, ემთხვია და უცებ მოღუნული სხეული გაუსწორდა, მყარად დადგა მიწაზე, რადგან ფეხებიც გასწორებოდა. გახარებულმა სამჯერ გადაიწერა პირჯვარი, წმინდა ნიკოლოზის ხატის წინ ანთებული კანდელიდან ზეთი იცხო და ყველას თვალწინ სასწაულებრივად სრულიად განიკურნა, კვლავ მოეხვია თავისი მეოხის ხატს და ემთხვია. ამის შემსწრენი ადიდებდნენ ღმერთს და მის სათნომყოფელ წმინდა ნიკოლოზს.