მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა), ჩვეულებრივ, ცოტას ლაპარაკობდა და ისიც მხოლოდ რაიმე კონკრეტული მიზეზის გამო.
მისი სიტყვები, ჭეშმარიტი თავმდაბლობით სავსე და მტკიცე რწმენით გამსჭვალული, ადამიანს გულს უთბობდა, სულიერ თვალს უხელდა, გონებას უნათებდა, სინანულს ჰგვრიდა, სულიერ სიმშვიდეს ანიჭებდა და აძლიერებდა. სწორედ მასზე ითქმოდა მაცხოვრის სიტყვები: "ხოლო რომელმან ჰყოს და ასწავოს, მას დიდი ერქვას სასუფეველსა ცათასა" (მათ. 5,19). იგი არასოდეს აწყვეტინებდა სიტყვას თანამოსაუბრეს, არ კამათობდა, გამოთქვამდა სწორ აზრს. მასთან მოსაუბრე თვითონვე გრძნობდა თავის მცდარობას, გზააბნეულობას და თავისთვის სასარგებლო დასკვნები გამოჰქონდა. მას უყვარდა ადამიანები და ყველა, ვინც თუნდაც მცირე ხნით გასაუბრებია, გრძნობდა, რაოდენ დიდი მადლი მოედინებოდა ამ კაცისგან.