წმინდა მაკარი ოპტელის სულიერ შვილს ხშირად უწევდა სხვადასხვა საზოგადოებაში რელიგიაზე კამათი და როცა არ უჯერებდნენ, ბრაზობდა.
ერთხელაც ყოველივე მოძღვარს შესჩივლა. ღირსმა მაკარიმ უთხრა: "როცა თანამოაზრეებს შეხვდები, განა ცუდი იქნება, თუ რელიგიაზე ესაუბრები? ასეთი საუბარი ხომ გაცილებით უკეთესი და შესაფერისია ქრისტიანისთვის, ვიდრე ამაოდ მეტყველება. რა დაშავდება, თუ მოუსმენ კეთილი და მოაზროვნე კაცის ჭკვიანურ სულიერ საუბარს? ანდა მოუყვები, რაც იცი? მაგრამ თუ კამათი ატყდება, უფრო გონივრული იქნება, თავი აარიდო, მოციქულის სწავლებისამებრ, რომელიც დავა-კამათს გვიკრძალავს, რადგან ის არის "არად სახმარად, განსადრეკელად მსმენელთა მათ" (2 ტიმ. 2:14). ასეთ დროს უმჯობესია, შევწყვიტოთ საუბარი, ოღონდ - გონივრულად, თავმდაბლობით, ან განსჯის საგანი შევცვალოთ... მაგრამ არა ერთბაშად, არამედ ნელ-ნელა, თავაზიანად, რადგან უეცარი დადუმება მოკამათეს აფიქრებინებს, რომ არად ვაგდებთ მის ნაფიქრალს და ჩვენთან საუბრის ღირსად არ მივიჩნევთ. ყოველ შემთხვევაში, უნდა ვეცადოთ, ყოველი კაცი დავამშვიდოთ, მრისხანების ვნებისაკენ კი არ ვუბიძგოთ. იცოდე, უსარგებლოა ცდა, მოკამათეს რამე ასწავლო - მხოლოდ ის სწავლობს, ვინც ეძიებს და სურს შემეცნება".