სიყრმეში წმინდა ნიფონტი კვიპრელი თავმდაბალი, მორჩილი და ღვთისმოშიში იყო. მოიზარდა და ცუდ წრეში მოხვდა, ბილწი ცოდვებით შეილანძღა სული.
ქურდობდა, ჩხუბობდა და მრავალი ახალგაზრდისთვის იქცა მაცდუნებლად. ერთგული მეგობარი ჰყავდა, ბასილი, რომელიც ცდილობდა მის მოქცევას, მაგრამ ამაოდ. ისე გაუსასტიკდა ნიფონტს გული, ლოცვაც აღარ შეეძლო. ერთხელ მისმა მეგობარმა ნიკოდიმოსმა დიდხანს უყურა. ასე რატომ მიცქერ, თითქოს უცხო ვიყოო, - ჰკითხა ნიფონტმა. "დამერწმუნე, ძმაო, - უთხრა ნიკოდიმოსმა, - ასეთი არასოდეს მინახიხარ, ახლა ეთიოპივით (ანუ შავი) გაქვს სახეო". ამ სიტყვებმა შეაძრწუნა ყმაწვილი: "ვაი, მე უბედურს, თუ ამ ცხოვრებაში შავი ვარ სულით და სხეულით, რა მეშველება ღვთის სამსჯავროზეო". მაშინვე ანება თავი ცოდვიან ცხოვრებას. მიუხედავად ეშმაკის ათასნაირი ბრძოლისა, უკან აღარ დაუხევია. შემდგომში ღმერთმა ის კვიპროსის ეპისკოპოსად გამოარჩია.