არაერთხელ სცადა ალექსიმ სიგარეტისთვის თავის დანებება. არაფერი რომ არ გამოუვიდა, დახმარებისთვის წმინდა ამბროსი ოპტელს მიმართა.
მალე დიდი მოძღვრისგან წერილი მიიღო: "ამბობთ, რომ თამბაქოს თავს ვერ ანებებთ. მაგრამ შეუძლებელი კაცთაგან - ღვთისგან შესაძლებელია. მხოლოდ მტკიცედ უნდა გადაწყვიტოთ თავის დანებება. უნდა დაიჯეროთ, რომ ეს სულისა და ხორცისთვის საზიანოა, რადგან თამბაქო სულს ასუსტებს, განამრავლებს და აძლიერებს ვნებებს, ბინდავს გონებას, არყევს ჯანმრთელობას და სიკვდილის პირამდე მიჰყავს კაცი. მსურს ამ ვნების სამკურნალო საშუალება შემოგთავაზოთ: შვიდი წლის ასაკიდან აქამდე ჩადენილი ცოდვები უნდა აღიარო მოძღვართან, ეზიარო უფლის სისხლსა და ხორცს. ფეხზე მდგომარემ ყოველდღე წაიკითხე წმინდა სახარებიდან თითო ან მეტი თავი. თუ კაეშანი მოგაწვებათ, სახარება კვლავ წაიკითხეთ, ან ამის ნაცვლად 33-ჯერ მუხლი მოიდრიკეთ, უფლის მიწიერი ცხოვრების გასახსენებლად და წმინდა სამების პატივად". წაიკითხა ეს წერილი ალექსიმ და ანგარიშმიუცემლად სიგარეტს მოუკიდა. მოქაჩა და საშინელი თავის ტკივილი იგრძნო. შეზიზღდა თამბაქოს ბოლი. იმ ღამეს სიგარეტი არ მოუწევია. მეორე დღესაც ოთხჯერ სცადა გაბოლება, მაგრამ ოთხივეჯერ საშინლად ასტკივდა თავი. ასე ადვილად დაანება სიგარეტს თავი ღირსი მამის შეწევნით.