ახალგაზრდა ქერუბინი 1940 წელს ყუთლუმუშის მონასტრის სკიტში მამა ნიკოლოზ კვიპრელის კალივას ეწვია.
ღირსმა მამამ დიდი სიყვარულით მიიღო იგი, ასადილა და მოსასვენებლად ერთ ოთახში შეიყვანა. ბალიშზე თავი მიდო თუ არა, იგრძნო, რომ ტანზე რაღაც ააცოცდა. გადაიძრო საბანი და რას ხედავს! ლეიბი ბაღლინჯოებითაა სავსე და შესატევად ემზადებიან. ქერუბინი ყვირილით წამოხტა ლოგინიდან. ხმაურზე მამები შევიდნენ. ქერუბინს ყვირილის მიზეზის გამჟღავნება არ უნდოდა. ღირსმა მამებმა თვითონვე თქვეს: მგონი, ჩვენმა კეთილმა მეგობრებმა იფიქრეს, რომ ერთი ჩვენგანი ჩაწვა ლოგინში და ისინიც, საცოდავები, თავიანთი საჭმლისთვის მოვიდნენ. მამაო ქერუბინ, ისინი ძალიან გვეხმარებიან. ნახევარ საათზე მეტხანს ძილის უფლებას არ გვაძლევენ. ამიტომაც მათი დიდად მადლიერნი ვართ.
მამა ნიკოლოზმა თავისი ჩვეული სიკეთითა და თავმდაბლობით დაამატა: მე აქ ორმოცდაათი წელია ვარ და ამ კეთილ მეგობრებს ერთი ღამითაც არ მივუტოვებივარ. მათ ჩვენთვის დიდი სიკეთე მოაქვთ, ძილს ჩვენზე გაბატონების ნებას არ აძლევენ. გვახსენებენ, რომ ბერი ღვთის წინაშე უფრო დიდხანს უნდა დადგეს და ილოცოს.
- რაც მოვისმინე, სრულიად საკმარისი იყო ჩემთვის, - ბრძანებს მამა ქერუბინი, - დავრწმუნდი, რომ ჩემს წინაშე დიდი მოღვაწეები იდგნენ. "მამაო ნიკოლოზ, - ვთქვი ჩემთვის, - თუ ღვთის სიყვარულისთვის შენს მოკეთეებად თვლი ბაღლინჯოებს, რომლებისგანაც შეწუხებულია სამყარო, ვხვდები, როგორიცაა შენი ცხოვრება".