ღირს არსი
ათონის მთის გადმოცემის მიხედვით X საუკუნეში კარეასის მონასტერთან, სენაკში, ერთი ბერი მორჩილთან ერთად ცხოვრობდა.
ერთხელ სულიერი მამა მონასტერში გაემგზავრა ღამისთევის ლოცვაზე, მორჩილს შუაღამისას კარზე მიუკაკუნეს. აღმოჩნდა ბერი, რომელმაც მასთან ერთად ლოცვაზე დგომა ისურვა და როდესაც ღვთისმშობელის საგალობელი "უპატიოსნესსა ქერუბიმთასა".. ჩვეულებისამებრ უნდა შეესრულებინათ, მან გალობა სულ სხვა სიტყვით დაიწყო: "ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა", შემდეგ კი ლოცვა გააგრძელა მანამდე არსებული სიტყვებით - "უპატიოსნესსა".. და ასე შემდეგ. მორჩილს ლოცვის ჩაწერა სურდა. საოცარმა სტუმარმა გამოართვა ქვის ფილა, რომელიც ცვილივით დარბილდა უცნობის ხელში, თითით ამოტვიფრა სიტყვები და უბრძანა, - ამიერიდან ეს საგალობელი ასე წარმოეთქვათ და ელვისუსწრაფესად გაუჩინარდა. ხატს, რომლის წინაშეც გალობდა ბერის სახით გამოცხადებული მთავარანგელოზი გაბრიელი მონაზონთან ერთად, "ღირს არსი" ეწოდა. ხატი დაბრძანებულია კარეასში, პორტაიტის საკათედრო მიძინების ტაძარში. იგი, გადმოცემით, იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა დააარსა 335 წელს. ხატი რწმენითა და სიყვარულით შევრდომილებს მიჰმადლებს სულიერ და ხორციელ კურნებას.ნუგეში ანუ მანუგეშებელი
ეს ხატი ათონის წმინდა მთის ერთ-ერთ უძველეს, ვათოპედის მონასტერში იმყოფება, რომელიც ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე დიდის დროსაა აგებული. სწორედ ამ მონასტრის სიახლოვეს, 395 წელს, თეოდოსი დიდის ვაჟი, უფლისწული არკადი გემბანიდან ზღვაში გადავარდა და დიდი ძებნის შემდეგ მონასტრის ახლოს, ბუჩქის ძირას იპოვეს (ვათოპედი - ბერძნულად ყმაწვილის ბუჩქი). უფლისწულმა ყველას უამბო, თუ როგორ იხსნა იგი ღვთისმშობელმა სასწაულებრივად. სწორედ იმ ბუჩქის ადგილას აღიმართა ტაძრის საკურთხევლის ნაწილი. 807 წელს ყაჩაღებმა მონასტრის თავდასხმა განიზრახეს. წინამძღვარს ხატიდან მოესმა ხმა: "დღეს სავანის კარს ნუ გააღებთ, მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთ." ჰოი, საკვირველება! ღვთისმშობლის და ყრმის სახე გაცოცხლდა: ყრმამ დედის ბაგეს ხელი ააფარა, სახე მისკენ მიაბრუნა და უთხრა: "არა, დედაო ჩემო, ნუ ეუბნები მათ ამას, დაე, დაისაჯონ". ღვთისმშობელმა ხელი დაუჭირა, სახე მარჯვნივ შეაბრუნა და ორგზის გაიმეორა იგივე სიტყვები. შეძრწუნებულმა იღუმენმა მაშინვე შეკრიბა საძმო. მას შემდეგ ხატი ასე სასწაულებრივად შეცვლილი დარჩა. ხატი თავის სახელობის ტაძარშია დაბრძანებული, მის წინ უქრობი კანდელი და კელაპტარი ანთია. ვათოპედში ძმების აღკვეცა აქ ხდება, სრულდება ყოველდღიური პარაკლისი, ხატი უამრავ სასწაულს აღასრულებს.მოწყლული
ვათოპედის მონასტერში ერთხელ წესრიგის მეთვალყურე დიაკონს მორჩილება გაუგრძელდა და ტრაპეზზე დააგვიანდა, როდესაც სადილი მოითხოვა, უკმაყოფილო ტრაპეზარმა დაგვიანებისათვის უსაყვედურა. უარით განაწყენებული დიაკონი ისე განრისხდა, რომ ეკლესიაში გაბრუნდა, ღვთისმშობლის ხატის წინაშე დადგა და მიმართა: "როდემდე უნდა გემსახურო, ღვთისმშობელო, ვშრომობ, ვშრომობ და სამაგიერო არაფერი მაქვს. პურის ნაჭერიც კი არ მერგო, რომ გამოლეული ძალა მომეკრიბა." ამ სიტყვებით მან აიღო დანა, რომლითაც კანდელებს და სასანთლეებს ასუფთავებდა და სახეში დაარტყა (ეს ხატი ტილოზეა გამოსახული), ჭრილობიდან სისხლმა იფეთქა, ღვთაებრივი სახე გაფითრდა. შეშინებული მკვლელი ხატის წინ დაემხო, დაბრმავდა და შეშლილს დაემსგავსა, დაუძლურდა და ძმის მკვლელი კაენის მსგავსად აცახცახდა. იღუმენი მისთვის მხურვალედ ლოცულობდა და სამი წლის შემდეგ მისი შეწყალების შესახებ ეუწყა. დამნაშავეს სიკვდილის წინ ღვთისმშობელი გამოეცხადა და გაახარა შენდობით, მაგრამ უთხრა, რომ მისი კადნიერი ხელი ქრისტეს მეორედ მოსვლისას დაისჯებოდა. ათონის მთის ჩვეულების მიხედვით, სამი წლის შემდეგ გახსნეს გარდაცვლილის ძვალშესალაგი: საშინელმა სანახაობამ გააოგნა ძმები: მონანული დამნაშავის ყველა ძვალი ნათელი იყო და ზედ ღვთაებრივი მოწყალების ნიშანი აჩნდა, ხოლო მისი კადნიერი მარჯვენა გაუხრწნელი და გაშავებული დარჩა.
ზეთმდინარე დოქიარისა
ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც ზეთმდინარე ეწოდება, ვათოპედის მონასტერშია. ერთხელ, როდესაც დოქიარის (ვისაც ლავრაში ზეითუნის ზეთისა და სხვა პროდუქტების განაწილება ევალება) მოვალეობას აქ ღირსი გენადი აღასრულებდა, ზეთი შემოაკლდათ. დარჩენილ ერთ ქოთანს ღირსი გენადი კანდელისთვის უფრთხილდებოდა და ძმებს ზეთს აღარ აძლევდა; მაგრამ სავანის იღუმენმა იმედი ზეციური დედოფლის შემოწირულობაზე დაამყარა და უბრძანა მას, რომ ძმებისთვის ზეთი მიეცა. დოქიარი იღუმენის ნება-სურვილს დაემორჩილა. ერთხელ, ამის შემდეგ, ღირსი გენადი საკუჭნაოში შევიდა, დარწმუნებული იყო, რომ ჭურჭელი, საიდანაც ზეთს იღებდა, უკვე ცარიელი დახვდებოდა, მაგრამ მისდა გასაოცრად, პირთამდე სავსე იყო, ზეთი გადმოდიოდა კიდეც, ხოლო ღვთისმშობლის ხატი კეთილსურნელებას აფრქვევდა. ყველა ადიდებდა და ჰმადლობდა ღვთისმშობელს. მის მიერ გარდამოვლენილი ხატი, რომელიც ზეთმდინარედ იწოდება, საკუჭნაოში დადგეს და მრავალ გასაოცარ სასწაულს აღასრულებდა. ამ მოვლენამდე მას ოდიგიტრია - მეგზური ეწოდებოდა.ქტიტორისა ანუ საკურთხევლისა
862 წელს, როდესაც არაბებმა კრეტა, სიცილია და ხმელთაშუა ზღვის სხვა კუნძულები გაძარცვეს, ათონის მთაზეც შეიჭრნენ. ერთმა მთავარდიაკონმა მოახერხა, საკურთხევლის ფიცარნაგის ქვეშ, ჭაში, ჯვარი და სასწაულმოქმედი ხატი გადაემალა. მან ხატის წინაშე სანთელი დაანთო, ზემოდან მარმარილოს ფილა დააფარა და გაქცევა დააპირა, მაგრამ არაბებმა შეიპყრეს და ტყვედ წაიყვანეს. დაახლოებით 70 წლის შემდეგ ის ისევ დაბრუნდა სავანეში და მისი მითითებით ჯვარი, ხატი და ანთებული სანთელი ჭიდან ამოიღეს. ყოველი კვირის სამშაბათს ამ ხატის ხსენებაა დადგენილი. ორშაბათს, მწუხრზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი იკითხება, ხოლო სამშაბათს ლიტურგია აღესრულება. გადმოცემის მიხედვით, ჯვარი ტრაპეზთან დგას, ხატი კი მაღალი დასაჯდომელის ზემოთაა მოთავსებული და ამიტომ საკურთხევლისა ჰქვია.იკონომოსა (მაშენებელი)
ეს ხატი ათანასე დიდის ლავრაში იმყოფება. ერთხელ, შიმშილობის დროს, ბერები გაიფანტნენ და თვით ათანასე დიდმაც (მონასტრული ცხოვრების ერთ-ერთი დამფუძნებელი, დედით ქართველი იყო) გაცლა არჩია. მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა. უბრძანა, უკან დაბრუნებულიყო და დახმარება აღუთქვა. წმინდა ათანასემ მიუგო, - "მეშინია ვირწმუნო, რადგან მრავალია ეშმაკის ცდუნება, რითი დამარწმუნებ შენი სიტყვების სიმართლეშიო. ყოვლადწმინდა ქალწულმა უბრძანა: შენი კვერთხი დაარტყი ამ ქვას და მიხვდები, ვის ესაუბრები. იცოდე, რომ ამიერიდან სამუდამოდ მე შენი ლავრის ეკონომოსი ვიქნებიო. ათანასემ დაარტყა ქვას და როგორც ელვამ, გააპო იგი. ნაპრალიდან წყარო გადმოდინდა, რომელიც ამჟამადაც მოედინება და მაკურნებელია. მონასტერი წმინდა ათანასეს საზრდელით სავსე დახვდა. მას შემდეგ ამ ლავრაში ეკონომოსად თვით ღვთისმშობელი ითვლება. გამოცხადების ადგილას ეკლესია აშენდა. ამ მოვლენის სამახსოვროდ დაიწერა ხატი, რომელზეც გამოსახულია ტახტზე დაბრძანებული ღვთისმშობელი ყრმით, მარცხნივ დგას წმინდა მიქაელ სინელი, მარჯვნივ კი წმინდა ათანასე დიდი, ხელში თავისი ლავრის გამოსახულებით.სამხელა - ტრიხერუსა
717 წელს წმინდა იოანე დამასკელს დამასკოს მთავრის წინაშე ცილი დასწამა იმპერატორმა ლეონ ისავრიელ-ხატმებრძოლმა. მთავარმა საქმის გამოუძიებლად ხელი მოჰკვეთა წმინდანს და ყველას დასაშინებლად მოედანზე დაჰკიდა. როცა მთავრის მრისხანება დაცხრა, წმინდა იოანემ თავისი ხელი გამოითხოვა და სენაკში ჩაიკეტა. დიდხანს ლოცულობდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე, ბოლოს ჩათვლიმა და ყოვლადწმინდა ქალწულმა სიზმარეულ ხილვაში აუწყა, რომ ხელი გაუმრთელდა. წმინდა იოანეს ბრძანებით, ვერცხლისგან ჩამოასხეს ხელის მტევანი, რომელიც წმინდანმა ხატს შესწირა, სწორედ აქედან მოდის სახელწოდება - სამხელა. ის წმინდა იოანემ საბა განწმედილის ლავრაში გადააბრძანა, სადაც ბერად აღიკვეცა. ხატი იქ VIII საუკუნიდან XIII საუკუნემდე იმყოფებოდა. როცა ლავრას ეწვია სერბი მთავარეპისკოპოსი საბა, ხატი მას გადასცეს. თავდაპირველად წმინდა საბამ ის სერბეთში გადაასვენა, მაგრამ როცა იქ არეულობა დაიწყო, ხატი სახედარზე დადეს და გაუშვეს ზესკნელთა დედუფლის ნებაზე. სახედარი წმინდა მთის ხილანდარის მონასტერში მივიდა. ხატი ჯერ საკურთხეველში იყო. შემდეგ მონასტერში დაიწყო აშლილობა, ახალი იღუმენის არჩევასთან დაკავშირებით. ერთხელ ძმებმა ნახეს, რომ "სამხელა" დგას იღუმენის ადგილზე. ხატი უკან გადააბრძანეს, ტაძარში ჩაკეტეს, მაგრამ მალე იგივე განმეორდა. ყოვლადწმინდამ ისურვა, თვითონ ყოფილიყო მონასტრის იღუმენი. მონასტერში, ნებისმიერი საქმიანობის წინ, ხატისაგან იღებენ კურთხევას.
მსწრაფლშემსმენელი
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც მსწრაფლშემსმენელი ეწოდება, დოქიარის მონასტერში კედელზე იყო დაბრძანებული. გადმოცემით, ეს ხატი სავანის დამაარსებლის, ღირსი ნეოფიტეს დროს არის დაწერილი X საუკუნეში. მონასტრის ტრაპეზარი ნილოსი ხშირად მის წინაშე ანთებული კვარით მიმოდიოდა. ერთხელ (1664 წელს), ჩაესმა ხმა: "კვარით ნუღარასოდეს გაივლი აქ და ნუღარ გაჭვარტლავ ჩემს ხატს". ბერმა იფიქრა, ძმები მეხუმრებიანო და ყურადღება არ მიაქცია ამ ხმას, რომელიც სინამდვილეში ხატიდან გადმოდიოდა. ამიტომ, როდესაც იგივე გაიმეორა, ბერი მეყვსეულად დაისაჯა სიბრმავით. ნილოსმა სწრაფად შეიგნო თავისი დანაშაული, მწარედ ინანა, რომ ესოდენ კადნიერება გამოიჩინა ზეციური დედოფლის წინაშე. ცრემლით ევედრა მას და უმალვე განიკურნა. ხმა მოესმა: "ნილოს, შენი ლოცვა შესმენილია, გპატიობ და გიბრუნებ მხედველობას, აუწყე სავანის ძმებს, რომ მე ვარ საფარველი და მცველი მონასტრისა. დაე, ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა მომმართოს გაჭირვების ჟამს და არავის დავუტევებ. ამიერიდან ჩემს ხატს მსწრაფლშემსმენელი ეწოდება იმიტომ, რომ ყველას მის მიმართ ღვთისმოშიშებით მოლტოლვილთ მსწრაფლ გარდამოუვლენ შეწევნას". მართლაც აღურაცხელია სიმრავლე ხატის მიერ აღსრულებული სასწაულებისა.