სარკის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში სტუმრობისას იმჟამინდელმა წინამძღვარმა, მამა გიორგიმ (ედილაშვილი) სარკის წმინდა გიორგის მიერ მომხდარ სასწაულებზე მიამბო:
-სარკის წმინდა გიორგი განსაკუთრებით უშვილოების შემწეა. თავად ვარ მომსწრე ამ სასწაულებრივი შემთხვევებისა. შვილის შეძენის შემდეგ, მოდიან ხოლმე ოჯახის წევრები მონასტერში და მადლიერების ნიშნად შესაწირის წირავენ სარკის წმინდა გიორგის. ყველაზე დიდი შესაწირი ეს არის მადლიერება. ბევრი შემთხვევა ყოფილა სასწაულისა. ერთმა მრევლმა ასეთი ამბავი მომიყვა. თურმე წმინდა გიორგისთვის უთხოვიათ, ფეხით ამოვალთ და შვილი მოგვეციო. მართლაც როცა სოფლიდან მონასტრამდე ფეხით ამოვიდნენ, მაშინ მიეცათ შვილი. ერთი მანდილოსანი მოვიდა კიდევ მძიმე სენით, სიმსივნით დაავადებული. ძალიან წუხდა თავის დაავადებას. ვანუგეშე და ვურჩიე წმინდა გიორგისთვის შეწევნა ეთხოვა. "თვალცრემლიანი ლოცულობდა და წმინდა გიორგის განკურნებას სთხოვდა. რამდენიმე ხანში გერმანიიდან ანალიზების დადებითი პასუხი მოუვიდა. საქართველოშიც შეუმოწმებია და მართლაც სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა. რამდენიმე თვის შემდეგ, კიდევ მოვიდა მონასტერში. Aმჯერად წმინდა გიორგის შვილიერებას სთხოვდა. ორი თვის შემდეგ სასიხარულო ამბავი გამაგებინა, შვილს ელოდებოდა. ეს მართლაც ღვთის სასწაული და წყალობა არის.
