ომის იმპერიის დასავლეთი ნაწილის კეისარი IV საუკუნის დასაწყისში მამის, კონსტანციუს ქლორიუსის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინემ დაიკავა.
ამ დროს დასავლეთში უდიდესი მოვლენები ვითარდებოდა, რამაც ხელი შეუწყო ქრისტიანული სარწმუნოების აღზევებას. იტალიის ხელისუფალ მაქსენციუსის - უსასტიკესი და ანგარებისმოყვარე ადამიანის - ქვეშევრდომები მძიმე უღელქვეშ იტანჯებოდნენ და განმათავისუფლებელს უხმობდნენ. კონსტანტინემ გადაწყვიტა, შებრძოლებოდა მას და 312 წლის ოქტომბერში მისი ლაშქარი მიადგა რომს. მაქსენციუსი თავდაცვისთვის მზად იყო, მისი ძალები გაცილებით აღემატებოდა მოწინააღმდეგისას; კონსტანტინე გრძნობდა, რომ ზეგარდმო შემწეობა სჭირდებოდა, მაგრამ ვერ გარკვეულიყო, ვისთვის ეთხოვა იგი - უკვე აღარ სწამდა წარმართთა ღმერთებისა, მაგრამ არც ქრისტიანი იყო და შინაგანი განგაშით დაბნეულს უფალმა სასწაულებრივი ხილვით გამოუცხადა ჭეშმარიტება. მზე დასავლეთისკენ მიდრკა და კონსტანტინემ ცაზე სხივოსანი ჯვარი იხილა, რომლის თავზეც ეწერა: "ამით სძლევ!" მისმა მეომრებმაც დაინახეს ეს საოცრება და შეშფოთდნენ, რადგან ჯვარი სამარცხვინო სასჯელის იარაღად მიაჩნდათ და ავის მომასწავებელ ნიშნად ითვლებოდა.
დაღამდა... კონსტანტინეს ძილში გამოეცხადა თავად ქრისტე და აუწყა - დაემზადებინათ განსაკუთრებული, ჯვრიანი დროშა და მეომართა ფარებსა და მუზარადებზეც ჯვრები გამოესახათ. კონსტანტინემ ბრძანა, - გრძელი შუბის ტარზე გადაეჯვარედინებინათ ჯოხი და მასზე მიემაგრებინათ დროშა, რომელსაც დაამშვენებდა ძვირფასთვლებიანი გვირგვინი ქრისტეს მონოგრამით. ამასობაში მან უხმო ქრისტიანებს და ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა მისი ხილვა. მათ უპასუხეს, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთის მხოლოდშობილი ძეა, ჯვარი - სიმბოლო უკვდავებისა და ნიშანი სიკვდილზე გამარჯვებისა, რაც მაცხოვარმა აღასრულა ამა სოფლად მოვლინების დროს. კონსტანტინეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ძილში ნანახმაც და მორწმუნეთა განმარტებამაც.
ამ დროიდან მან დაიწყო ჭეშმარიტი ღმერთის პატივისცემა და წმინდა წერილის შესწავლა, ხოლო ეს დროშა, რომელსაც ლაბარუმი ეწოდება, ყველა ლაშქრობაში განუყრელად თან ახლდა კონსტანტინეს.
ცხოველმყოფელი ჯვრის ძალით კონსტანტინემ ზედიზედ დაამარცხა მაქსენციუსის ლაშქარი და რომს მიადგა, სადაც კვლავ მოწინააღმდეგეთა რაზმები დახვდნენ. ბრძოლა მალვიის ხიდზე გაიმართა. კონსტანტინემ საბოლოოდ დაამარცხა მტერი. მაქსენციუსმა სცადა, გაქცევით გადაერჩინა თავი, მაგრამ მდინარე ტიბრში დაიხრჩო. გამარჯვებული კონსტანტინე ტრიუმფით შევიდა რომში...
მას უკვე შეგნებული ჰქონდა, რომ ეს გამარჯვება ღვთის შეწევნით ებოძა და ქალაქის შუაგულში წმინდა დროშის აღმართვის განკარგულება გასცა. მოგვიანებით, როდესაც მისი ქანდაკება დადგეს, მისივე ბრძანებით მარჯვენა ხელში დააჭერინეს ჯვარი და წააწერეს: "ამ მაცხონებელი ნიშნით ვიხსენი და გავათავისუფლე თქვენი ქალაქი ტირანის უღლისგან".
"უძველესი იადგარის" მოწმობით, ჩვენი წინაპრები ძველი სტილით 29 იანვარს ზეიმით აღნიშნავდნენ ჯვრის გამოჩინების სასწაულს.